გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
2 სამართალდარღვევა გამოვლენილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - სოფელ მუჟავაში ცირკული, სოფელ ლიაში კი - ქარხნულად დამზადებულ მისაბმელზე დამონტაჟებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარებია დალუქული.
ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ჰქონდა მოწყობილი მოქალაქეს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოში, საკარმიდამო ნაკვეთში.
ქალაქ ახმეტაში კი, მოქალაქეს, კუთვნილ მიწის ფართობზე მოწყობილი არარეგისტრირებული ცირკული ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 0,2 კუბური მეტრი მოცულობის ვერხვის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.
ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.