გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის აკვატორიაში საშიში თევზის,ვერცხლისფერი მუცელკეკლიანის გამოჩენას უარყოფს.
,,სააგენტომუდმივ რეჟიმში ახორციელებს ზღვის ბიომრავალფეროვნების, მათ შორის იქთიოფაუნის კვლევას და მონიტორინგს. ამ დრომდე საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
მოვუწოდებთ ყველას, ვინც მიზანმიმართულად ან უნებურად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.,,-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ამ განცხადებას ეხმაურება იქთიოლოგი ლევან გუჩმანიძე,რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია შავ ზღვაში ვერცხლისფერი მუცელკელიანის გამოჩენის შესახებ.აღნიშნული სახეობა გამრავლების შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნის როგორც შავი ზღვის ეკოსისტემას და ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას.
,,არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩემი პოსტის საპასუხოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებას, რადგან ამ სფეროში ჩემი საქმიანობის (მათ შორის სააგენტოში) 24 წლის განმავლობაში მსგავსი არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო განცხადება არ შემხვედრია და აი რატომ:
1. წარმოგიდგენთ მდ. ჩაქვისწყლის შესართავთან ამ თევზის მოპოვების ფოტოს, რომელიც არ იცის და არც გაუგონია სააგენტოს, მაქვს მისი მოპოვების ვიდეო კადრებიც, რომელზეც მეთევზეცაა ასახული და რადგან იმ პირმა ვინც ეს კადრები მომაწოდა მთხოვა მისი სახე არ გამომეჩინა - მე სამეცნიერო ეთიკის დაცვით ამ კადრებს არ ვასაჯაროებ, მაგრამ თუ სააგენტო მეტ პასუხისმგებლობას არ გამოიჩენს მომიწევს ამ კადრების ტელევიზიაში მიტანა და მეთევზის სახის დაბლურვა და მისი ისე გამოქვეყნება.
2. საინტერესეო რამოდენიმე დღის უკან ამ თევზის პოვნის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გარემოსდაცვითი სტრუქტურების და მედიის მიერ გაკეთებული განცხადებები, სირცხვილია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გარემოსდაცვითი და საკუთარი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა ბევრად მაღალია ვიდრე ჩვენთან.
3. სააგენტო თავის ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ მათი მონიტორინგის შედეგად „ამ დრომდე საქართველოს სანაპირო წყლებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა“. არადა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 10-მდე სახეობის შხამიანი ანუ ადამიანისათვის საშიში თევზი გვხდება, მათ შორისაა მასიური სახეობებიც, მათ შორისაა დედამიწის ზომიერ სარტყელში ყველაზე შხამიანი თევზიც, რომელიც იშვიათად ლეთალურია, მათ შორის საააგენტოს მიერ ე.წ. მონიტორინგის შედეგად რამოდენი ხნის უკან ოფიციალურად გამოქვეყნებულ ფოტოზეც იყო ერთ-ერთი შხამიანი თევზი ასახული. ერთი წლის უკან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გამოსცა ძალზედ კარგი წიგნი (მე თანაავტორი გახლავართ) თევზეულის კულინარიაზე, სადაც ერთი თავი შხამიანი-ადამინიასათვის საშიშ თევზებს და მათთან მოპყრობის წესებს ეძღვნება. გასაგებია, რომ სამეცნიერო ლიტერატურას თქვენ არ ეცნობით, მაგრამ იქნებ კულინარიის წიგნის მაინც წაიკითხოთ, რომ ასეთი აბსურდები აღარ გაგეპაროთ.
გთხოვთ გამოიჩინოთ მეტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. თითქოსდა სახელმწიფო ინტერესების დაცვაში გადაზრდილი მარაზმი აზიანებს პირველ რიგში მოსახლეობას, თავად სახელმწიფოს და შემდეგ ინსტიტუციის ავტორიტეტს, რომლის ფორმირებაშიც მეც მიმიძღვის ჩემი მოკრძალებული წვლილი. ,,-იქთიოლოგი ლევან გუჩმანიძე.