✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და ხე-ტყის უკანონო მოპოვება -ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულში, მოქალაქეს უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი სახელმწიფო ტყეში ჰქონდა დამონტაჟებული. აღნიშნულ სახერხზე, სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოპოვებული სამი ერთეული წაბლის სახეობის ხე-მცენარისგან 60 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) დაამზადა.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდას მიმდებარედ, გამოვლენილია წიფლის სახეობის 12 ერთეული მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო მოპოვების ფაქტი.