უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის ხუთ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 744 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 33 უკანონო სახერხი საამქრო.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 62 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 27 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 21-21 ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში. კახეთში დაფიქსირდა 17 სამართალდარღვევა, იმერეთში - 11, ქვემო ქართლში - 5, სამცხე-ჯავახეთშიც - 5, მცხეთა-მთიანეთში - 4, შიდა ქართლში - 3, თითო-თითო სამართალდარღვევა კი, გამოვლენილია გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
ჯამში ამოღებულია 67 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.