დღეს ჭიათურელი მაღაროელები მიხაილ სოცკს შეხვდებიან. შეხვედრა საღამოს 18:00 საათზეა ჩანიშნული.
რუსეთის მოქალაქე სოცკი ხელმძღვანელობს მაღაროებში რეორგანიზაციის პროცესს.
ასევე , დღეს მღვიმევის მაღაროში სამუშაო პროცესი უნდა აღდგეს. გაფიცული მშრომელები ყველას მოუწოდებენ, არ გამოცხადდნენ სამსახურში.
,,დღეს მღვიმევის მაღაროზე ვიყავით. გავესაუბრეთ დასაქმებულებს, ავუხსენით არსებული მდგომარეობა. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, ამას ბევრი ახსნა არც სჭირდებოდა — ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება.
განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე და ყველას ვთხოვეთ, დაელოდონ მის შედეგებს. შეგახსენებთ, რომ დღეს ვხვდებით კომპანიის ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, ჩვენს იურისტთან ერთად.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა ჩვენს უსამართლოდ დაკავებულ ოთხ თანამებრძოლს და თავი შეიკავა სამუშაო პროცესში ჩართვისგან.
სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, ვინც უგულებელყო ეს მდგომარეობა და ამ გაურკვეველი ვითარების ფონზე მაინც გადაწყვიტა მაღაროში შესვლა. თავჩაღუნულები, უხმოდ მიიჩქაროდნენ შესასვლელისკენ.
აღსანიშნავია , რომ ვინც გადაწყვიტა მუშა პროცესში ჩართვა საპენსიო ასაკს მიღწეულები არიან.
ჭიათურელებო, არ გვეკადრება ასეთი საქციელი! არ უნდა ვიაროთ ამ ქალაქში თავდახრილებმა — ერთმანეთისთვის თვალის გასწორების არ უნდა გვცხვენოდეს. შემირცხვენია ყველა ის ჭიათურელი, ვინც პირადი კეთილდღეობის მოლოდინს , ფულს და სიხარბეს კაცობაზე, ადამიანობაზე და მორალზე წინ აყენებს.,,-მაღაროელების საინიციატივო ჯგუფი.