გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
1 ლენტური და 1 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთებში.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში კი, უკანონო სახერხი საამქრო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შსს-ს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოავლინეს. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. აღნიშნულ ფაქტზე ბორჯომის შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო.