ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
დასრულებულია სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობის, ენერგოეფექტური განათების ბოძების მონტაჟის, არსებული შადრევნების განახლების და საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთების სამუშაოები. პარკში, არსებული გეგმარების უცვლელად, დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტების გამოყენებით, განახლდა მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა. პარკში მოეწყო მედიათეკა და დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, დამატებით დაირგო ახალი ხე-მცენარეები. ცენტრალურ ნაწილში მოეწყო „გვირილობის მოედანი“, ხოლო ქვედა ნაწილში შეიქმნა ახალი რეკრეაციული სივრცე — „ვარდების ხეივანი“.
ცენტრალური პარკის დასრულების შემდეგ ქუთაისს კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური, სრულად განახლებული დასასვენებელი სივრცე ექნება, განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ასევე საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.
,,ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ვარლამიშვილის, წმინდა ნინოს, მარი ბროსესა და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩებზე აქტიურად მიმდინარეობს სარებილიტაციო სამუშაოები. ვარლამიშვილისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე უკვე დასრულებულია წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობის, საინჟინრო კომუნიკაციების მიწის ქვეშ განთავსების სამუშაოები, სრულად რეაბილიტირებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზის საფარი, დამონტაჟებულია გარე განათების თანამედროვე სისტემა.
პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ჯამური ინვესტიცია 150 მილიონ ლარს აღემატება.