მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან საპროტესტო შეკრების 9 მონაწილის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი;
ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი;
მაია ცირამუა - ფსიქოლოგი;
ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი;
გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.
სხდომა ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია 26 იანვარს გაიმართა.
მალხაზ ოქროპირაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც არ განიხილა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელი 28-ე დღეა შიმშილობს.
ფოტო-მთავარი არხი