უკანონო პატიმრობაში მყოფი, “ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს.
საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს.
საია მიმართავს:
საქართველოს პროკურატურას - დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.