ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
პეტრიწის ქუჩის მეორე შესახვევში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. გზა დაიფარება ბეტონის საფარით, მოეწყობა სანიაღვრე , ბორდიური და ტროტუარი. პროექტი რგპ ფონდმა 1 764 999 ლარით დააფინანსა.
რეგიონული განვითარების პროგრამის მიერ ფინანსდება ასევე თაბუკაშვილის ქუჩის №223-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია. სკვერში განახლდება გამწვანება, მოეწყობა ფანჩატური, ბილიკები, გაზონები,განთავსდება საპარკე სკამები და განათების სისტემა. სკვერის რეაბილიტაციისთვის 80 608 ლარი დაიხარჯება.
ზ. გამსახურდიას გამზირის #38-ში დაწყებულია მრავალსართულიანი ბინის ფასადის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით , კორპუსის ფასადი შეიღებება მაღალხარისხიანი საფასადე საღებავით, არსებული ლითონის მოაჯირები განახლდება პანელური დეტალებით. ფასადის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 297 925 ლარია განსაზღვრული.
სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა , საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.