უხვმა ნალექმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანისწყლის ადიდება გამოიწვია.
ადიდებულმა მდინარემ ბაღდათი-ხანის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა დააზიანა, ბეტონის საფარს წყალმა საძირკველი გამოაცალა ,რამაც მიწის ჩამოშლა გამოიწვია.
მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა აკრძალულია. სოფელი გარესამყაროს არ არის მოწყვეტილი, ადგილობრივებს გადაადგილება ალტერნატიული გზით შეუძლიათ,რომლის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
მდინარე ხანისწყალმა, ასევე დატბორა ზეკარის წყლის ჩამომსხმელი საწარმო და ფუტკრების მეურნეობა.
ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში ასევე დაზიანდა შიდა საუბნო გზები .
სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო ჯგუფი და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.