ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება . ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. 8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.
1975 წელს გაერომაც აღიარა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ.
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია.
მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი ახლდა.1908 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში 15 ათასი ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით.1910 წელს, სოციალისტ-ინტერნაციონალმა კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე