16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდ "სოხუმის" წარმომადგენლებისთვის, ერთ-ერთი შთამბეჭდავი აქტივობა გახდა ლადო მესხიშვილის თეატრში სპექტაკლ "ლივ შტაინზე" დასწრება, რის შემდეგაც Art Cafe Martini-ის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, მთავარი როლის შემსრულებელ ენდი ძიძავასთან გაიმართა შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მესხიშვილის თეატრის მსახიობები: ნინო ჭოლაძე, მაგდა გერაძე და ირინა გუბელაძე.
დიალოგში "ჩაისთან ერთად" ქალთა ფონდ "სოხუმის" თანამშრომლების გარდა, მონაწილეობდნენ ბენეფიციარები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
შეხვედრაზე, ქალთა ფონდ "სოხუმის" დამფუძნებელმა, ქალბატონმა - ალლა გამახარიამ, დიდი მადლობა გადაუხადა ქალბატონ ენდი ძიძავას, ჩვენს საყვარელ მსახიობებს და ისაუბრა თეატრის მნიშვნელობაზე ფასეულობების პოპულარიზაციის საკითხში, სწორი მიმართულებების და მაგალითების უპრეცედენტო გადამდებობაზე, რომელიც მოაქვს ჭეშმარიტ ხელოვნებას. ქალბატონმა ალლამ და ფონდის სხვა წარმომადგენლებმა სტუმარ მსახიობებს მოუთხრეს ფონდის საქმიანობის შესახებ, რაც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა სტუმრებისთვის.
შეხვედრაზე ბევრი ისაუბრეს სპექტაკლის შთაბეჭდილებებზე. ასევე ახლო წარსულზე და "ბამბაზიის სამოთხეზე", რომელშიც ქალბატონი ენდი ძიძავა აფხაზი დედის როლს ასრულებდა და ეს სპექტაკლი ერთ-ერთი საეტაპო იყო მესხიშვილის თეატრის რეპერტუარში.
„როდის შეიძლებოდა ეს სურვილი ამეხდინა და ასე ერთ მაგიდასთან მესაუბრა ჩვენს არაჩვეულებრივ მსახიობებთან. ძალიან ბედნიერი ვარ ამ დღით“, - ნანა შაკაია.
„მე მახსოვს ქალბატონი ენდის აფხაზი დედის სახე, მაგრამ არანაკლებ შთაბეჭდილებად გამყვება მისი ლივ შტაინი, ძლიერი და დიდებული ქალი“, - ბელა კუპრეიშვილი.
„ჩვენ დაგვავიწყდა, რომ თეატრს ამხელა ბედნიერება მოაქვს და ეს თქვენ გაგვახსენეთ. ქალის განსაკუთრებული მოუცლელობის გამო, რაღაცნაირად ვივიწყებთ, რომ შგვიძლია თვეში ერთხელ მაინც ვაჩუქოთ ეს დრო საკუთარ თავს. თანაც ასეთ სტუმრებთან პირდაპირი საუბარი.. ეს ხომ აუხდენელი ოცნების თემა იყო? მადლობა სტუმრებს და მადლობა მასპინძლებს,“ - მანანა ჩაკვეტაძე.
მესხიშვილის თეატრის მსახიობმა ენდი ძიძავამ, 6 დეკემბერს, მისივე იუბილეზე ნათამაშები „ლივ შტაინი“ სწორედ საერთაშორისო კამპანიას, 16 აქტიურ დღეს მიუძღვნა, რომლის სლოგანია „დაარღვიე დუმილი, აღკვეთე ძალადობა“ და მეგობრებთან ერთად, ფონდ "სოხუმთან" სამომავლო ურთიერთობის სურვილით დაემშვიდობა აუდიტორიას.
აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავდა დევნილთა თემში გენდერული ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და დისკუსიებში მათ ჩართვას
აღნიშნული კამპანია განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.