შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმე3დებების შედეგად, თბილისში,იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა .
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1981 წელს დაბადებული ვ.ს. და 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ამავე პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული დ.ც. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 4 მჭიდი და 78 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.