ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, მერიის სამსახურების უფროსებთან, თანამშრომლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, სოფელ როხში აფხაზეთის ოკუპირებილი ტერიტორიიდან გადმოსვენებული ვახტანგ ხოჯანაშვილის ნეშთს პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
ვახტანგ ხოჯანაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის მკვიდრია. იგი 1990 -იან წლებში აფხაზეთის ომში იბრძოდა.
ხოჯანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს როხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გაიმართა. ოჯახმა იგი დღეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გადმოასვენეს 1990-იან წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული სამი სამოქალაქო პირის - გიორგი ჯოხაძის, ოთარ თუთისანის, იური მაჭარაშვილის და რვა მებრძოლის - ოთარ გაგუას, რევაზ კვარაცხელიას, ვახტანგ ხოჯანაშვილის, ბიძინა უშხვანის, ზვიადი უშხვანის, ბორის ბერულავას, სპირიდონ (ფრიდონ) თირქიას, და ხვიჩა დეკანოსიძის ნეშტები.