სამეცნიერო - ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგის" თანადამფუძნებელს ნუგზარ კოხრეიძეს საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის კონკურსში ღია მხარდაჭერას უკვე 40-მდე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია უცხადებს. ამის შესახებ კოხრეიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მხარდამჭერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტში შემავალ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, კოხრეიძე განიხილონ, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის პოტენციური კანდიდატი.
ბრიფინგზე ნუგზარ კოხრეიძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის პოზიციის დაკავების შემთხვევაში მისი სურვილია ომბუდსმენის მთავარი ოფისი ქუთაისში იყოს.
"მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ორგანიზაციას, რომელმაც ჩემ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. ჩემი ერთ-ერთი ამოცანაც სწორედ ეს არის. ვფიქრობ, ასეთი აქტურობა და ჩართულობა ინსტიტუციურ დონეზეც შეიძლება გაგრძელდეს .თუ მხარდაჭერა ექნება ჩემ სურვილს ,ქვეყნის ეს მნიშვნელოვანი სტრუქტურა თავის მთავარ ოფისს ქუთაისში დაიდებს. მიმაჩნია, ეს იქნება შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოსთვის და განსაკუთრებით გააძლიერებს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს რეგიონებში. რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ ყველა კანდიდატს და ჩვენს ქვეყანას ,რადგან ეს მნიშვნელოვანი პროცესია 12 პუნქტის აღსრულების მიმართულებით"-განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.
ნუგზარ კოხრეიძეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს.
ის 2007-2018 წლებში მუშაობდა გაეროს მიგრაციის სააგენტოში (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ქუთაისის ოფისის საველე კოორდინატორად;
2018 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან “ბერგჰოფის ფონდი”, რომელიც საქართველოში ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსურ სამშვიდობო დიალოგის საკითხებზე მუშაობს; 2021 წლიდან არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის მოადგილე და მესამე სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი;
2022 წლიდან აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კლიმატის მოქმედებათა ქსელის (Climate Action Network - CAN) საბჭოს წევრი.