საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.
ცვლილებების მიხედვით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოწვევს.
თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, პირი 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება ,ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება.
ასევე დასჯადი იქნება ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება – ე.წ. დრიფტი. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას- 300 ლარის ოდენობით. კანონპროექტში ნათქვამია, რომ თუ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.
ახალი საკანონმდებლო პაკეტი 5 სექტემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.