1918 წლის 26 მაისს გოლოვინის გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. სხდომა 16:50წუთზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გაიხსნა . საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 17: 10 წუთზე „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი" ერთხმად დაამტკიცა.
ჩამოაყალიბდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად კი დემოკრატიული რესპუბლიკა აღიარეს.
საქართველოს დამოუკიდებლობას იმთავითვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომლის მიზანს რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა წარმოადგენდა. 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.