სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ პროექტის „დისკუსიები COVID-19-ის შესახებ“ მორიგი შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, შეუერთდა საქართველოს მთავრობის ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების პრევენციის საინფორმაციო კამპანიას და სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა.
შეხვედრების ციკლის მიზანია, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ძალიან დაბალია როგორც ვაქცინაციის ტემპი, ასევე ვაქცინირებული მოსახლეობის რიცხვი, გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი.
შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ სახელწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი და ექიმ-ალერგოლოგი მაია რუხაძე.
ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრისას მაია რუხაძემ ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვირუსის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს საინტერესო ინფორმაცია, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები მიეწოდათ.
მაია რუხაძემ მოუწოდა დამსწრეებს, დარეგისტრირდნენ და გაიკეთონ COVID-19-ის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. თუ ისინი ვერ მოახერხებენ რეგისტრაციას პორტალზე, ჟვანიას სკოლის ადგილობრივი ცენტრები დაეხმარება მსურველებს მარტივად და სწრაფად დარეგისტრირებასა და ვაქცინაციის ვიზიტის კოდის მიღებაში.