„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ღია წყაროებსა და საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მოუყარა თავი იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც პოლიტიკოსების მიერ გაცემული დაპირებებით ქუთაისში უნდა განხორციელებულიყო. წლების განმავლობაში მათ აანონსებდნენ და საჯარო პრეზენტაციებსაც მართავდნენ, მაგრამ დღემდე მათი უმრავლესობა არც დაწყებულა.
რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია
ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია 2018 წლის აპრილში ქალაქის მაშინდელმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ დააანონსა. რეაბილიტაცია 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა.
დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია
2018 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციის დაწყება დააანონსა.ამ დრომდე პროექტის განხორციელება არ დაწყებულა.
100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია
ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციის პროექტი ქუთაისის მერიამ 2018 წელს წარადგინა. იგეგმებოდა კიბის საფეხურებისა და მოაჯირების რეკონსტრუქცია, მის მიმდებარედ კი 80-ადგილიანი ამფითეატრის, თეთრი კოლონადების და შადრევნის მოწყობა.2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში პროექტის განხორციელება გათვალისწინებული არ არის.
ელექტრომობილების ქარხანა
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის აშენება 2019 აპრილში მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დააანონსა. 2019 წლის ივნისში გრანდიოზული პრეზენტაცია გაიმართა ქუთაისში. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ქარხანა 2020 წლიდან მიაწოდებდა ბაზარს ელექტრომობილებს.ქარხანა დღემდე არ დასრულებულა. მშენებლობის პროცესი, ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, 2022 წლამდე გადავადდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით პროექტის გადავადება კოვიდ-პანდემიამ გამოიწვია.
„ოცნების ქალაქი” ქუთაისში
2016 წლის მარტში ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაანონსდა . პროექტი სასტუმროების, აკვაპარკის, სამორინეს, კინოთეატრის, გასართობი კომპლექსებისა და სხვა ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტს შპს ,,აია ინტერტაიმენტი,,გეგმავდა, ჯამური საინვესტიციო თანხა კი 273 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო.ქუთაისში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა არ დაწყებულა და მიწის ნაკვეთი 2020 წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ თვითმმართველობას დაუბრუნა, რაც ნიშნავს, რომ პროექტი აღარ განხორციელდება.
ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზა
2016 წელს იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისიდან ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა დაანონსა. პროექტის პრეზენტაცია 2017 წლის 3 აპრილს გაიმართა, რომლის მიხედვითაც ახალი სადგური უშუალოდ ქუთაისის აეროპორტთან უნდა აშენებულიყო. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ პროექტი 364 დღეში დასრულდებოდა, თუმცა არც დაწყებულა.
საქართველოს რკინიგზის კოპიტნარის სადგურის რეაბილიტაციის გეგმა საბოლოოდ 2020 წელს დამტკიცდა, წლის ბოლოს კი ტენდერიც გამოცხადდა. ტენდერში შპს "ინჟმშენი 96-მა“ გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 2021 წლის მარტში გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 1,247,736 ლარია, ხოლო შესრულების ვადად 2021 წლის 30 დეკემბერი განისაზღვრა.