გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი ოთარ დანელია ჭიათურაში იმყოფებოდნენ, სადაც კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელ პირებთან ერთად მანგანუმის მოპოვების, მისი გადამუშავებისა და საკარიერო ველებზე რეკულტივაციის საკითხებს გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოები - „ახალი გამამდიდრებელი ქარხანა“ და „29-ე ქარხანა“. ამ უკანასკნელში, მადნის გამდიდრების შედეგად, მდინარე ყვირილას წყლის ხარისხის გაუმჯობესების საპილოტე პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ.
ამასთან, სტუმრები გაეცნენ შლამსადენის დაგეგმილი მშენებლობის პროცესს, რომლის განხორციელების შედეგად მდინარე ყვირილა აღარ დაბინძურდება. კერძოდ, პროექტის მიხედვით შლამის გადამამუშავებელი ქარხანა შლამის მიმღები ავზებით ახალი გამამდიდრებელი ქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობა. 6-ი კმ სიგრძის მილებისა და ტუმბოების საშუალებით შლამი გადაიტვირთება ცდფ-ს ტერიტორიაზე მოწყობილ ავზებში. კვლავ მილებისა და ტუმბოების საშუალებით, 3-მ კმ-იანი სიგრძის ფერდობზე შლამი ღურღუმელას შლამსაცავში გადაიტვირთება.
ქარხანა წელიწადში მილიონ 60 ათას ტონა შლამს გადაამუშავებს. შედეგად მიიღება კონცენტრატი, 135 ათასი ტონა წელიწადში. შლამსადენის საინვესტიციო ღირებულება კი 16 მილიონი აშშ დოლარია. შლამსადენის მშენებლობა 2021 წელს დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება.
სტუმრები, ასევე, ეწვივნენ რეკულტივირებულ და სარეკულტივაციო ბლოკებს. კარიერ „სიამაყეზე“ ბიოლოგიური რეკულტივაციის ზონა დაათვალიერეს. 2021 წლის მდგომარეობით, დარღვეული ტერიტორიების ფართობი 504 ჰექტარს შეადგენს, აქედან რეკულტივირებულია 283 ჰექტარი (56%). ეკოლოგიური მიმართულებით 2017-2020 წლებში 47 მილიონი ლარი დაიხარჯა.
კარიერების დათვალიერების შემდეგ, მხარეებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ოთარ დანელიამ განაცხადეს, რომ მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ კომპანიის საქმიანობას რეგიონში, რათა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დროული განხორციელება მოხდეს.