ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების ვადა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ აღინიშნა, ცვლილება დღეიდან ამოქმედდება.
" როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა ღამის 21:00-05:00 საათამდე პერიოდში. ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე. კერძოდ, დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში. აქვე მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე; ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00-05:00 საათამდე პერიოდში, ანუ თავიდან მათ არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება”- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.