საქართველოს პრემიერ მინისტრი ვარაუდობს, რომ თუ კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნდა,მთავრობამ შესაძლოა, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნასთან დაკავშირებითაც დაიწყოს მსჯელობა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნოემბრის ბოლოს დაწესებულ შეზღუდვებს კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ვინაიდან მაშინ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში უაღრესად მაღალი იყო და ზოგ ქალაქში 30%-საც კი გადააჭარბა.
,,დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ აღებული 18 000 ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე. ეს ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია, თუმცა მაჩვენებელი მიუახლოვდა 4%-ს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა. როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შევინარჩუნეთ, ისე, როგორც ზაფხულში გავაკეთეთ - ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს პირველ რიგში ეხება თბილისს, ქუთაისს და რუსთავს და პირველ რიგში, ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა ჩვენს ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, სწავლა კლასებში დაიწყონ. ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ეტაპობრივად ამოქმედებაც, ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს ორი თვის ერთობლივი შრომის შედეგად. რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ მანამ, ვიდრე ეტაპობრივად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.