ფლანგვის დეტექტორი თერჯოლის მუნიციპალიტეტში არსებულ დარღვევებზე წერს.მათი ინფორმაციით,მერის ყოფილმა მოადგილემ 401 ათასი ლარის ტენდერი მოიგო.ნაომი სარდანაძის დაფუძნებულმა შპს "საგომ" თერჯოლის მუნიციპალიტეტში 6 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 4 შემთხვევაში უკონკურენტო გარემოში.
შპს "საგო" ერთ შემსყიდველზე დამოკიდებული მიმწოდებელია და მხოლოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს.
მხოლოდ 2020 წელს, შპს "საგომ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული 255,149 ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო.
შპს "საგო” თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღვანკითში 2017 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა. შპს-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ნაომი სარდანაძეა, რომელიც 2017 წლის ჩათვლით თერჯოლის მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
შპს ,,საგოს" 2018 წლიდან 12 ელექტრონულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 6 ტენდერში გაიმარჯვა.
2018 წლის 29 მაისს, პირველი გამარტივებული შესყიდვა, რომელიც თერჯოლაში სტიქიით დაზიანებული ხიდის აღდგენას ითვალისწინებდა, შპს ,,საგომ" უკონკურენტო გარემოში მოიგო (SPA180004299), სამუშაოების ღირებულებამ 12,304 ლარი შეადგინა. ჯამში 4 უკონკურენტოდ მოგებული ტენდერის ღირებულება 274,817 ლარია.
ამჟამად ნაომი სარდანაძის კომპანიას თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამი მიმდინარე ტენდერი უფიქსირდება.