კორონავირუსის პანდემიის გამო გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის დღეს გახდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია შეზღუდვების 28 ნოემბრიდან შემოღებაზე, რომელიც 24 დეკემბრამდე იმოქმედებს. დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე, შობა-ახალი წლის გათვალისწინებით, დაგეგმილია შეზღუდვების მოხსნა, თუმცა იანვრის დასაწყისიდან შეზღუდვები ისევ ამოქმედდება.
არაოფიციალური ცნობით, სავარაუდოდ, აიკრძალება ყველა ტიპის მაღაზიის საქმიანობა, გარდა სურსათის მაღაზიებისა, თუმცა ონლაინვაჭრობა ნებადართული დარჩება. შეზღუდვა შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. სავარაუდოდ, აიკრძალება სპორტდარბაზები, თუმცა იმუშავებს სალონები. გარდა ამისა, გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან იმოქმედებს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებთან ერთად კონსულტაციები გამართა, როგორც სამედიცინო სფეროს, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების თაობაზე მსჯელობდნენ.