საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 165 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათისთვის შეწყდა.
ეს პირველი არჩევნები იყო, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით გამოიყენა.
შუალედური და რიგგარეშე არჩევნებზე დღეს ამომრჩევლები ირჩევდნენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
ქუთაისში, არჩევნები ავტოქარხნის ოლქში მიმდინარეობდა ,სადაც 12 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ხოლო რეგისტრირებული 25 836 ამომრჩეველი.
სულ ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 165 საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ტარდებოდა. რაც შეეხება დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანს, (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.