ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, (NDI) კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა მასში მონაწილეობას მიიღებდა.
უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, პასუხები ასე გადანაწილდა: 66 % - სავარაუდოდ მიიღებდა, 34 % - სავარაუდოდ არ მიიღებდა.
ამასთან, კვლევის მიხედვით, არჩევნებზე წასვლაზე უარს ყველაზე ხშირად ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში მცხოვრები, ასევე გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ამბობდა. კერძოდ, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები გამოკითხულებიდან 62 %-მა განაცხადა, რომ არჩევნებზე არ წავიდოდა, 38 %-მა კი აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა. ასევე, უშუალოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან 21 %-მა აღნიშნა, რომ არჩევნებზე არ წავიდოდა, ოპოზიციის მხარდამჭერებიდან კი იგივე მაჩვენებელი 26 %-ს შეადგენს. ხოლო იმ რესპონდენტებიდან, ვინც არ დაასახელა, რომელ პარტიას უჭერს მხარს, 45 %-მა განაცხადა, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმის მისაცემად არ წავიდოდა.
ფოტო არქივიდან .