ქუთაისის მერია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"ქუთაისის მერიის მისამართით , მედიაპროექტმა "ფლანგვის დეტექტორმა" ამ დღეებში გაავრცელა დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაცია. "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2019-2021 წლებში ბიუჯეტიდან მხოლოდ 125 800 ლარი დაიხარჯა შშმ პირთა დახმარებისთვის.
სინამდვილეში კი, 2019-2021 წლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, შშმ პირთა დასახმარებლად სულ დაიხარჯა 2 946 000 ლარი, მათ შორის:
მედიკამენტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში: 2019 წელს 40 000 ლარი; 2020 წელს-
50 000 ლარი, 2021 წელს- 92 000 ლარი.
სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში: 2019 წელი -580 000 ლარი, 2020წელი- 810 000 ლარი , 2021 წელი- 810 000 ლარი.
საზაფხულო დასვენების მოწყობა შავი ზღვის კურორტზე (მაგნიტური ქვიშა) 3-18 წლის შშმ პირებისათვის :2019 წელი- 105 000 ლარი, 2020 წელი- 105 000 ლარი , 2021 წელი-105 000 ლარი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამა: 2019, 2020, 2021 წლებში, ყოველწლიურად 40 000 ლარი.
შშმ პირთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსების ქვეპროგრამა: 25 000 ლარი ყოველ საანგარიშო წელს, ჯამში 75 ათასი ლარი.
შშმ ბენეფიციარებისა და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელშეწყობა: ყოველწლიურად 18 000 ლარი , ჯამში 54 000 ლარი.
2019-2021 წლებში, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, ჯამში, 16 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.
მცდარია ინფორმაცია გაზრდილ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებითაც- 2021 წელს, წარმომადგენლობითი ხარჯები 2020 წელთან შედარებით, 65 337 ლარით შემცირდა.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი "ფლანგვის დეტექტორს" "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში" უჩივლებს, ეთიკური სტანდარტის დარღვევის და მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო.
ამასთანავე, ქუთაისის მერია მზადაა თანამშრომლობისთვის ნებისმიერ მედიაორგანიზაციასთან , რათა საზოგადოებას ზუსტი და სანდო ინფორმაცია მიეწოდოს."-წერია განცხადებაში.