ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბოლოდან აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობას მისცემს. შედეგად, ქუთაისი შეძლებს მოემსახუროს როგორც შორი მანძილის, ისე სატვირთო და სრული სერვისის ავიაკომპანიებს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული საავიაციო და ლოგისტიკური ჰაბის პოზიციას.
„ეს იქნება ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდს ვუმასპინძლოთ. ეს საგრძნობლად გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას, შევძლებთ, რომ მივიღოთ მეტი რეისი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს, მათ შორის, სატვირთო გადაზიდვების განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დაახლოებით მომდევნო 3 თვის განმავლობაში ჩვენ სრულად დავასრულებთ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც წინ უძღვის სრულ ექსპლუატაციაში მიღებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ვასრულებთ შუქტექნიკისა და სხვა სანავიგაციო სისტემების მოწყობას.
ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომას უკვე შევძლებთ გავხსნათ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და სამიმოსვლო ბილიკები და სრულ ექსპლუატაციაში მივიღოთ იმისთვის, რომ პირველი ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე მივიღოთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მსგავსი მასშტაბის საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება - მისი ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს.
