საქართველოს აეროპორტების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმის უმასპინძლა.
ირაკლი ქარქაშაძემ ელჩს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალი, სანავიგაციო კოშკურა დაათვალიერებინა და აეროპორტის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო. ასევე, ისაუბრეს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებაზე, რომლის სიხშირეებიც ნოემბრიდან გაიზრდება.
ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით აკავშირებს და აბუ-დაბის მიმართულება გადაყვანილი მგზავრების კუთხით, პირველ ადგილზეა.
აბუ-დაბი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ყოველდღიურად ხორციელდება, ზამთრის სეზონზე კი რეისები ქუთაისიდან აბუ- დაბის მიმართულებით გაიზრდება და კვირაში 10 სიხშირით შესრულდება.
2024 წლის 9 თვის მონაცემებით, აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-მა 115 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.