ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
25000 მ2 ტერიტორიაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, მთლიანად იცვლება ბაქნის არსებული ასფალტის ფუნდამენტი ბეტონის საფარით. ასევე იცვლება შიდა კომუნიკაციები, როგორც სანიაღვრე და წყალარინების სისტემა, ისე ელექტრო სისტემები.
სამუშაოებისა დასრულების შემდეგ, მთლიანად შეიცვლება ქუთაისის აეროპორტის ბაქნის კონფიგურაცია. რეაბილიტაციის შემდეგ საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა 11-მდე გაიზრდება.
ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი და ურთულესი პროექტი ინფრასტრუქტურული კუთხით, რაც ბოლო პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულა.
ქუთაისის აეროპორტის ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ენკო“ ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 13 მლნ ლარამდეა, რომელსაც აეროპორტების გაერთიანება სრულად საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს.