იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია.
გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბირდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.
სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს. რის გამოც, ამ პერიოდში, ქუთაისის აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება.
დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ. ავიაკომპანიები მგზავრებს საკუთარ გადაწყვეტილებას თავად აცნობებენ.
ქუთაისის აეროპორტის გეგმიურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა, რომელიც სრულად აეროპორტების გაერთიანების შემოსავლებით განხორციელდება.