დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ უნიკალურ ადგილას, უნიკალურ კურორტ წყალტუბოში და გვსურს წარმოგიდგინოთ პრეზენტაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს მთავრობა ამ უნიკალური კურორტის განვითარებას, როგორია ჩვენი ხედვა, გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“- პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გეგმა არის დასრულებული და მაქსიმალურად გათვალისწინებულია წყალტუბოს უნიკალურობა.
"ჩვენი გეგმა, ხედვა არის, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ჩვენი, მმართველი პარტიის, ჩვენი გუნდის დაპირებაც. მანამდე, რაც მე გითხარით, ყველა ეს საკითხი არის მოგვარებული, - წყლის პრობლემაც, გენერალური გეგმის პრობლემაც. ყველაფერი არის დასრულებული და ახლა ჩვენ უკვე გამოგვაქვს გასაყიდად 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით, 50 მლნ ლარს შეადგენს. და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდება, 500 მლნ ლარი წყალტუბოს აღსადგენად. რა თქმა უნდა, ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი თუ სხვ. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა კურორტი.
მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი განვითარდეს, ინფრასტრუქტურა კურორტთან იყოს კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზარდა, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არის გამართული, ხოლო მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის, ასე ვთქვათ, სიახლოვე დამატებითი უპირატესობა იქნება წყალტუბოსთვის. ეს ყველაფერი ერთად, რაც მთავარია, წყალტუბოს უნიკალურობა, მისი ბუნება, წყალი, ეს რესურსები ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს ამ კურორტს. 2019 წელს წყალტუბოს მხოლოდ 25 000 ვიზიტორი ეწვია და ჩვენი, ასე ვთქვათ, ვარაუდით ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელში გაათმაგდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოზიტიურად იმოქმედებს როგორც მუნიციპალიტეტის, ისე მთლიანად რეგიონის ეკონომიკაზე და ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. საერთო ძალისხმევით, კერძო სექტორისა და მთავრობის ძალისხმევით გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ, ამავე დროს, მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია საზოგადოებას ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარუდგინა.
პროექტის განხორციელება ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების დაცვით მოხდება, როგორიცაა კურორტის იდენტობისა და ავთენტურობის შენარჩუნება, მდგრადი განვითარება, საერთაშორისო მნიშვნელობის შეძენა და საცხოვრებლად მიმზიდველ ადგილად გადაქცევა.
პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას.
წყალტუბო დამსვენებლებს შესთავაზებს არა მხოლოდ უნიკალურ თერმულ წყლებს, არამედ უმაღლესი ხარისხის დასვენებას, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს, ბუნების ძეგლებს, რითაც ცნობილია არა მხოლოდ წყალტუბო და იმერეთი, არამედ მთელი საქართველო.
წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.