ჩვენს ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ფაქტობრივად ყველა ისეთ ძეგლს, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი გასაჭირი აქვს - რომელი ერთი ჩამოვთვალო: იქნება ეს სვეტიცხოველი, ბაგრატი, ნიკორწმინდა, ფიტარეთი, ყინწვისი, შემოქმედი, ცაიში, წალენჯიხა, ატენის სიონი, - ეს განცხადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, თეა ონიანმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
ონიანმა პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად წინა წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარვეზით ჩატარება დაასახელა. მისი განმარტებით, „ძეგლები იმის გამო ფუჭდება, რომ ან სახურავი არის არასწორად მოწყობილი ან მასალა არასწორად არის შერჩეული“.
„ბაგრატსა და ნიკორწმინდაში სახურავიდან წყალი ჟონავს და კედლები სველდება. სპილენძის ჩამონაჟონი ამწვანებს და შემდეგ აშავებს საპირე წყობის ქვებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ამ პრობლემას აუცილებლად სჭირდება გადაჭრა. ნამდვილად არ ვუშინდებით, მაგრამ როგორც წესი, ძეგლებს სიჩქარე არ უხდება. გელათისა და ბაგრატის მაგალითმა ამაში ნათლად დაგვარწმუნა.
ასეთი საეტაპო ძეგლები თუ სრულყოფილად არ შეისწავლეს და გამოიკვლიეს, მათზე რაიმე სამუშაოების დაწყება ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ შეცდომებამდე მიგვიყვანს, რის წინაშეც დღეს ვდგავართ.
ძეგლები იმის გამო ფუჭდება, რომ ან სახურავი არის არასწორად მოწყობილი ან მასალა არასწორად არის შერჩეული. ამ ყველაფერს ხანგრძლივი, სკრუპულოზური კვლევა სჭირდება. ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, რომ ასეთი ტიპის - გამორჩეულ, პირველი კატეგორიის ძეგლებს მივხედოთ.
ამიტომ ვფიქრობ, რომ პრობლემების გადაწყვეტაში უცხოელი ექსპერტები ჩავრთოთ, რომელიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე პრობლემებს დაამუშავებენ, არსებულ პროექტებს განიხილავენ და მიგვითითებენ არის თუ არა საჭირო ახალი პროექტების მომზადება, რა ხარვეზებია პროექტებში. ძეგლებზე სარეაბილიტაციო პროექტები ამის შემდეგ განხორციელდება“, - განაცხადა თეა ონიანმა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრებს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების/ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ქუთაისში საერთაშორისო ფოტოკონკურსის „ილო 2025“-ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
,,ილო 2025“-ის გამარჯვებულები გახდნენ:
ძირითადი თემა ,,პროფესია პორტრეტში“:
I ადგილი - ელენე კურტანიძე;
II ადგილი - ნინო კაკაბაძე;
III ადგილი - ვარლამ ფესტვენიძე.
რუბრიკაში „ქალაქის ურბანული რიტმი“:
I ადგილი - პაატა ნემსწვერიძე;
II ადგილი - დავით მირზაშვილი;
III ადგილი - გიორგი კილაძე.
გამარჯვებულებს დიპლომებთან ერთად გადაეცათ ფულადი პრემიები, I ადგილის მფლობელებს - ფოტოაპარატის გამოსახულებიანი მინი-ქანდაკება, II და III ადგილის მფლობელებს კი - ,,ილოს“ გამოსახულებიანი მინი-ქანდაკება.
ფოტოკონკურსი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით უკვე 19 წელია ტარდება და მასში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ფოტოხელოვანები მონაწილეობენ.