ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 172 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 900 კვლევა ანტიგენის ტესტით და 31 272 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 530 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 092 684.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 15.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 19.58%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 087 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 977 832.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 813 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა - 1 958, იმერეთი - 1 990, ქვემო ქართლი - 831, შიდა ქართლი - 877, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი - 391, სამცხე-ჯავახეთი - 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 100 013 საიდანაც: 4 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 954, აჭარაში - 650, იმერეთში - 934.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 999 პირი, მათ შორის, თბილისში - 409, აჭარაში - 132, იმერეთში - 269.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 51, იმერეთში - 25.
2 023 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 201 - თბილისში, 656 - აჭარაში.
93 339 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი დადებითი შემთხვევების 90% „ომიკრონია". ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ომიკრონის“ ცირკულაცია ქვეყანაში მომატებულია. ჩვენი გათვლებით, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 90%, რაც ცირკულირებს არის „ომიკრონი“. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „ომიკრონის“ ორი ქვეშტამიდან: BA1 და BA2 ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია. მეორე შტამს, როგორც საერთაშორისო ლიტერატურიდან ცნობილია ახასიათებს კიდევ უფრო სწრაფი გადადების უნარი და დიდი ალბათობით, რადგან ქვეყანაში სწრაფი ტალღაა, შესაძლებელია მასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, BA1- თან შედარებით ნაკლები აგრესიულობა ახასიათებს.
დღეს ჩვენი მხრიდან გზავნილი არის ის, რომ „ომიკრონის“ ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გაიზრდება, ანუ შემთხვევათა რაოდენობა კიდევ მეტი გვექნება. დღეს რომ 15 ათასზე მეტია დაფიქსირებული, რეალურად უნდა ვიანგარიშოთ 3-4 ჯერ მეტი. ეს არის ის კლინიკური ფორმები, რომლებიც, თითქმის, უსიმპტომოდ აქვთ ადამიანებს ან მცირე სიმპტომებით მიმდინარეობს. ისინი უნდა იყვნენ სახლში! არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა სახლშია. მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ თუ ეწყებათ რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი და ტემპერატურის მომატება, არ არის საჭირო რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ გაქვთ თუ არა და შტამი გაქვთ თუ არა. დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, რადგან 90 %-ში ცირკულირებს „ომიკრონის“ შტამი ე.ი არის „ომიკრონი“ და იყოთ სახლში! დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 112-ს და ოჯახის ექიმის საშუალებით, სიმპტომების მიხედვით მდგომარეობა მართოთ. 90% შემთხვევებში და მეტი ეს ჩაივლის რამდენიმე დღის, 3-4-5 დღის განმავლობაში, თითქმის, სიმპტომების გარეშე ან მცირეოდენი სიმპტომებით. 37-37.5 გრადუსი ტემპერატურით და ოდნავ ყელის ტკივილით. იცით ამ დროს რა უნდა გამოიყენოთ,“- განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, კვლევის მიხედვით, დადასტურებული შემთხვევებიდან, მხოლოდ 1%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
„ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 1600 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს გამოკვლეული და მათგან ჰოსპიტალიზაცია 16-მდე ადამიანს, 1%-ს დასჭირდა. იქიდან 13 ადამიანი სწრაფადვე გაეწერა, 3 რჩება, არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და ხელოვნური ვენტილაცია. თუმცა, ამან არ უნდა დაგვამშვიდოს. „ომიკრონით“ დაინფიცირების საშუალო ასაკი 33.7 წელი გვაქვს. რაც შეეხება ბავშვებს, ბავშვების ხვედრითი წილი საერთო ინფიცირების არ არის გაზრდილი. 18-19%-ის ფარგლებშია 19 წლამდე ბავშვების წილი. შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ პანიკას ნუ მივეცემით! გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ იქნება მოსახლეობაში პანიკა!“- განაცხადა გამყრელიძემ.