ქუთაისში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოება.
კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული სამი მასწავლებელი და სამი მოსწავლე გამოვლინდა.
მოსწავლეებიდან პირველი ადგილი თამარ ჩაფიჩაძეს, მეორე ადგილი მარიამ ესებუას, ხოლო მესამე ადგილი თეკლა მორჩაძეს ერგო.
პედაგოგებიდან პირველი ადგილი მაკა ბარდაველიძემ, მეორე ადგილი სოფიო ბოყოველმა და მესამე ადგილი ნატო დანგაძემ დაიმსახურა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა ნუგეშა გაგნიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „გრიგოლ რობაქიძის ლირიკა“.
მუზეუმში ასევე გამოფენილი იყო ქუთაისელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი პირველი ქართული ბოდიფონტის ნიმუშები.
" ქუთაისის მუნიციპალიტეტი , ტრადიციულად, ატარებს კალიგრაფიის კონკურსს, რომელიც დედა ენის დღეს ეძღვნება. ჩვენმა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს წლევანდელ კონკურსში და ულამაზესი ქართული ხელნაწერები შექმნეს. მათ შორის 6 საუკეთესო გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ. ამით გვინდა ხელი შევუწყოთ ქართული ენის დაცვას და მის პოპულარიზაციას,,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის - „სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“ - გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კონკურსისთვის გამოიყო 100 000 ლარი. სამინისტროს განცხადებით მომართა კონკურსში მონაწილეობის 14-მა მსურველმა.
კონკურსის მიზანია საქართველოში მოქმედი სამოყვარულო თეატრალური დასების პოპულარიზაციისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა, თეატრალურ პროცესში სამოყვარულო დასების როლისა და მნიშვნელობის გაზრდა.
დაფინანსებული პროექტებია:
1. "პოლიკარპე კაკაბაძის დაბადების 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“" (განმახორციელებელი ა(ა)იპ იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრი);
2. "პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრში განსახორციელებელი სპექტაკლის, ბერტოლტ ბრეხტის ,,მრგვალი და მახვილი თავების“, სადადგმო ხარჯი" (განმახორციელებელი ა(ა)იპ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრი);
3. "სპექტაკლ „ვალის“ დადგმა" (განმახორციელებელი ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის ცენტრი);
4. "ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრის ტექნიკური აღჭურვა" (განმახორციელებელი ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი);
5. "ბაღდათის სახალხო თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა" (განმახორციელებელი ა(ა)იპ ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი).
2022 წელს ამავე სახელწოდებით გამოცხადებული კონკურსის ბიუჯეტი იყო 70 000 ლარი. კონკურსში მონაწილე 23 პროექტიდან დაფინანსდა სამი პროექტი.