...გისმენთ, დიახ, რა თქმა უნდა...
ტელეფონში საოცრად ხალისიანი, თბილი, იშვიათი მეტყველებისა და ტემბრის ხმა გაისმა. ლაპარაკობდა დინჯად, თავისუფლად, აუჩქარებლად და თვალწინ იშლებოდა მისი შინაგანი სამყარო,რასაც თან ერთვოდა კოლხი ქალის გამორჩეული კულტურა, მაღალი ცივილიზაციის წარმომადგენლობის კიდევ ერთ დასტურად.
გაბრიელი, ლაზარე, ნინო- 6, 4 და 3 წლის ასაკის შვილების აღზრდაში მარის მეუღლესთან ერთად დედამთილი ეხმარება.
26 წლის მრავალშვილიანი დედის გრაფიკიდან გამომდინარე, თავდაპირველად ფონდის "სოხუმი" ორგანიზებულ ტრენინგებში ჩართვისგან თავი შეიკავა, რაც, ასევე სკეპტიკური დამოკიდებულებით იყო განპირობებული.
თუმცა... დღეს ამბობს, რომ ფონდმა "სოხუმი" მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და თუ, მომავალში მარის ხმაურიანი წარმატების შესახებ შევიტყობთ, ეს ფონდის"სოხუმი"დამსახურება იქნება.
მარი უკვე რამდენიმე თვეა ტრენინგებში აქტიურადაა ჩართული და როგორც აღნიშნავს, სერიოზული გამოცდილება დააგროვა. აქ მიღებული ცოდნა მას მომავალი საქმიანობის დაგეგმვასა და კომპლექსების მოხსნაში უკვე დაეხმარა. დიდი ინტერესით ელოდება ყოველ მომდევნო ტრენინგს და თვლის, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელია თითოეული ჩვენგანისთვის, ცოდნის გაღრმავების, სტერეოტიპების მსხვრევის, განვითარებისა და უკეთესი მომავლისთვის...
და კიდევ, მადლობელია განგებისა და კეთილი ადამიანის, ვისი რჩევაც გაითვალისწინა და როგორც თვითონ ამბობს, ფონდთან ურთიერთობის საუკეთესო შანსი ხელიდან არ გაუშვა.
წარმატებები მარის, რომელსაც უყვარს მზიანი ამინდი, ფერადი კაბა. რომელიც ფიქრობს, რომ სიყვარული ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთისთვის დათმობაა. რომლისთვისაც უმთავრესი შვილების ბედნიერად ცხოვრებაა, მშვიდ, წყნარ, ერთიან საქართველოში.
... და ერთიცაა... უზომოდ ენატრება აფხაზეთი, სადაც მშობლები, ძმის ოჯახი და საყვარელი ადამიანები ელოდებიან.