სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს დაკრძალავენ.
დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული სამზადისი სამებაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მათ შორის ეწყობა როგორც უშუალოდ ტაძარი, ისე ეზო.
ტაძარში წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
15:00 საათზე პატრიარქს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.
აღსანიშნავია, რომ სამების საკათედრო ტაძარში შესვლა დღეს მხოლოდ სპეციალური საშვებით არის ნებადართული, მათ შორის მედიის მუშაობისთვისაც გამოყოფილია სპეციალური სივრცე.
სამების საკათედრო ტაძარში შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან სასულიერო პირებიც. სამების საკათედრო ტაძარში დამონტაჟებულია სპეციალური ეკრანები, სადაც შესაძლებელია სრულ მსახურების პირდაპირ ეთერში ყურება.
