21 ნოემბერს მთავარანგელოზობა აღინიშნება.მათი სახელობის ეკლესია ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე მდებარეობს.
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.
წმ.მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელის მიხედვით არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი.
ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
ანგელოზები შექმნილნი არიან ხილულ სამყაროზე ადრე და აქვთ მინიჭებული სხვადასხვა მსახურების მადლი.
ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელმაც გამოდევნა სასუფევლიდან სატანა და მისი მიმდევრები. გვიცავს ბოროტი სულებისა და ბოროტი ადამიანებისაგან. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს.