დღეს საქართველოში, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და ასევე, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება.
წმინდა ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ ეწოდა მას პირველწოდებული. ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და გალილეის ტბაში თევზაობდა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხმა ქუხილივით გაისმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. „აჰა, ტარიგი ღმრთისა“ – მაცხოვრის გამოჩენისას წმინდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს ამ სიტყვებით მიმართა, რის შემდეგაც ორივე მათგანი იესოს გაჰყვა. ანდრიამ მესიის პოვნა ძმასაც ახარა, იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა.
ძმები განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და აღდგომის მოწმენიც გახდნენ.
საეკლესიო გარდამოცემით, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, მოციქულები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეიკრიბნენ და წილი ყარეს ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა ქრისტიანობა. ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველო. უფალმა უბრძანა ღვთისმშობელს დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში, მის წილ, გამოეგზავნა მისი ხელთუქმნელი ხატი ანდრია პირველწოდებულთან ერთად, რაც ნიშნავდა უხილავად მის შემოსვლას საქართველოში.