შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო.
იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, წყალტუბოს და ზესტაფონის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1971 წელს დაბადებული ო.რ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ლ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 გადაჭრილი სანადირო თოფი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სულ 14 პირია დაკავებული. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სექტემბრის დასაწყისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება.
ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს .
რეაბილიტაციის პერიოდი 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან, 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათამდე პერიოდში იგეგმება. მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ამ პერიოდში დაგეგმილი გაფრენა/მოფრენის დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები.
ავიაკომპანიებმა აეროპორტების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მგზავრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკვე აცნობეს. მგზავრების თბილისიდან ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანია Omnibus Express • ომნიბუს ექსპრესი უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სატრანსპორტო კომპანიას.
2023 წლის 7 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ მაჩვენებელს მოემსახურა. რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელება.
ფრენების უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად ხდება საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის შემოწმება. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია.