ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იმერეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.
მოსწავლე ახალგაზრდებს შორის ბადმინტონის რეგიონულ ტურნირში, პირველი ადგილი ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, ვაჟებში კი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტმა იმერეთის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას, სოფელ ფერსათის რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში უმასპინძლა, ბადმინტონის ტურნირში იმერეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის ვაჟთა და ქალთა 16 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული გუნდებიდან საუკეთესო მოთამაშეები შეირჩევიან და იმერეთის სახელით ქალაქ ბათუმში დასკვნით თამაშში იასპარეზებენ.
იმერეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური კომიტეტის და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
