ქუთაისში ორგანიზაციებს შორის საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი დასრულდა.
ღონისძიება ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა და მასში 14–მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სპორტული აიპის გუნდი და ,,იმერი" დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ,,იმერი" პირველი ტაიმის ბოლომდე დიდი ანგარიშით 5:0 იგებდა. თუმცა, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ მეორე ნახევარში უპირატესობა მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა 5:5. საბოლოოდ, მატჩის ძირითადი დრო ფრედ 6:6 დასრულდა. პენალტების სერიაში გამარჯვება და შესაბამისად, ჩემპიონის ტიტული ,,იმერს" დარჩა – 4:2
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ბრინჯაოს მედლები ორ გუნდს ,,აპოლონს" და ,,აეროპორტს" გადაეცა.
მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი, ოქროს მედლები და დიპლომები გადასცა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები.
ტურნირზე შემოსული თანხა ქუთაისის ,,ტორპედოს" მცველის ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას, ნინა სანდოხაძის მკურნალობას მოხმარდება, რომელსაც საქართველოში იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს: იუვენილური ართრიტი სისტემური დასაწყისით. პატარას სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიის რევმატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა, ზუსტი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობა.
გახსნილია ანგარიშის ნომრები საქართველოსა და თიბისის ბანკებში, რომელზეც ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი:
თიბისი ბანკი- #GE58TB7854045061100013 მიმღები: მარიამ კუტალაძე
საქართველოს ბანკი- #GE25BG0000000163049600
მიმღები: ნიკა სანდოხაძე.