დიდი ხანია ტყიბულს მკვდარი თუ სიკვდილის ქალაქის სტატუსი აქვს და არცთუ შემთხვევით. გაჩერებული შახტები, გარდაცვლილ მეშახტეთა მუდმივი გლოვა, მიტოვებული და ჩამონგრეულ-გაპარტახებული სახლები, უმუშევრობა, მიგრაცია... ერთადერთი რაც ქალაქს დარჩა, სუფთა ჰაერია და რომ შეიძლებოდეს, ალბათ მასაც წაიღებდნენ... ამ უბედურებაში ცოტათი მოძრაობს, ქალაქის ცენტრია და სწორედ ამ ცენტრში განთავსებული ერთი ბილბორდის ისტორიამ მიიქცია ყურადღება.
მეშახტეთა ღვთისგან და კაცისგან მიტოვებულ ქალაქში, პატარა სინათლე აკიაფდა, რასაც სპორტული სამყაროს წარმატებების სურნელი მოჰყვა... სპორტსმენთა არაერთმა წარმატებამ ღირსება დაუბრუნა ქალაქს.
ბილბორდის კონსტრუქციაზე ერთი წლის წინ ევროპის ჩემპიონის, ილია სულამანიძის სურათი განთავსდა. ნამდვილად ახარებდა თვალსა და გულს წარმატებული ახალგაზრდა კაცის დაფასება. რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონის სურათი, ახალი ტელევიზიის, ,,პოსტ ტვ-ის’’ ბილბორდმა ჩაანაცვლა... ნამდვილად დიდ წარმატებებს ვუსურვებთ ახალ ტელევიზიას, თუმცა არის ერთი მაგრამ, ნუთუ არ შეეძლო ქალაქის ხელმძღვანელობას, სწორად გადაეჭრა საკითხი და ტელევიზიის ბილბორდი სხვაგან განეთავსებინა?!...
თავად მთავარ გმირს, ევროპის ჩემპიონს არ სურს, რომ გაგრძელდეს ამ თემის განხილვა და გასცდეს ესთეტიკური მსჯელობის ფარგლებს. (გასაგებია რატომაც)
,,დიდ დისკომფორტს მიქმნის ის გარემოება, რომ ამ ნეგატიური განწყობა შექმნა. მინდა დასრულდეს ეს ყოველივე. ბევრს ვიშრომებ და ვეცდები, კიდევ უამრავ წარმატებას მივაღწიო’’, - წერს ფეისბუქ გვერდზე ილია სულამანიძე.
მიუხედავად სპორტსმენის კეთილშობილებისა, მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ ამ თემის გახმაურება. აქვე გაგაცნობთ ტყიბულის მერიის განცხადებას და კომენტარი თქვენთვის მოგვინდვია:
,,ბილბორდის კონსტრუქცია , რომელზეც განთავსებული იყო ევროპის ჩემპიონის , ილია სულამანიძის ბანერი, წარმოადგენს კერძო საკუთრებას . ერთი წლის წინ, მერიის ინიციატივით, აღნიშნულ ბილბორდზე ახალგაზრდა სპორტსმენის ბანერი მესაკუთრეებთან შეთანხმებით უსასყიდლოდ განთავსდა. ამჟამად მერი არ მუშაობს ახალი სარეკლამო სივრცის მოწყობის საკითხზე, სადაც გამოიფინება ჩვენი ქალაქის სიამაყის, ილია სულამანიძის განახლებული ბანერი", - განმარტავენ ტყიბულის მერიაში.
ავტორი ნინო ძოწენიძე.