ქუთაისელი მოკრივე, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმროს დღეს, 14 სექტემბერს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ხურციძემ სოციალურ ქსელში 6 სექტემბერს გამოაქვეყნა.
როგორც ხურციძე წერს, მას კარგი ყოფა-ქცევისთვის და დისციპლინისთვის ვადაზე ადრე უშვებენ. სპორტსმენი კარიერის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა სავარაუდოდ საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს.
ინფორმაციისთვის- 2018 წლის სექტემბერს, 41 წლის ავთანდილ ხურციძეს ბრუკლინში მოქმედი კრიმინალური ავტორიტეტის, რაჟდენ შულაიას დაჯგუფებასთან კავშირის გამო, რეკეტსა და თაღლითობასთან დაკავშირებულ საქმეზე, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.