ქუთაისი–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. წინასწარი ცნობებით, ავტობუსში მყოფი მგზავრები ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.
დაშავებულები ზესტაფონის ორ სამედიცინო დაწესებულებაში – „ფერომედსა“ და „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.
„ფერომედის“ ინფორმაციით, კლინიკაში ექვსი პაციენტია მოთავსებული. მათგან ერთ მამაკაცს მძიმე დაზიანებების გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ .
ავტორი თეონა ფარულავა.
