საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 704.5 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386).
„2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.5% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.
კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 920.1 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
2024 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 34.0%-ით შემცირდა და 135 811 კაცი შეადგინა,, - ნათქვამია ინფორმაციაში.