ბარბარობა ქრისტიანული დღესასწაულია და 17(4) დეკემბერს აღინიშნება. ფინიკიის ქ. ილიოპოლისის მდიდარი და წარჩინებული მოქალაქის, დიოსკორეს მშვენიერი ქალიშვილი ბარბარე (შემდგომში წმინდა დიდმოწამედ ცნობილი) იმპერატორ მაქსიმიანეს დროს (305 -311წწ.) ცხოვრობდა და ეწამა.
როდესაც დიოსკორემ ქალიშვილის გაქრისტიანების შესახებ შეიტყო, განრისხდა. რისხვისგან გონებდაკარგულს მახვილით უნდოდა მისთვის თავი მოეკვეთა. ბარბარე გაექცა მამას და მთას მიაშურა, რომელიც გადაიხსნა და წმინდანი დიდ ნაპრალში შეიფარა. წმ. ბარბარემ აქ, ამ ნაპრალში დაიწყო ცხოვრება.
ერთხელაც დიოსკორემ ორი მწყემსის დახმარებით იმ გამოქვაბულს მიაგნო, სადაც ბარბარე ცხოვრობდა. მამამ ქალიშვილი დაუნდობლად სცემა, დილეგში ჩააგდო, მცველები მიუჩინა და დიდხანს აშიმშილა. ამის შემდეგ ქალაქის თავს მარტიანეს გადასცა. მარტიანეს ბრძანებით წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაცდიოსკორემ, საკუთარმა მამამ, მას თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა.
წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარაი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა. წმინდა ბარბარეს საქრისტიანოში ბავშვთა მფარველად და შემწედ მიიჩნევენ.