საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი - 2024“ ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლით- ,,ჰელვერის ღამე“გაიხსნა.
საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს, ასევე ფესტივალში მონაწილეობს მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები.
,, თეატრის მოყვარულებს ძალიან საინტერესო ორი კვირა ელოდებათ, მათ შევთავაზებთ ახალ სპექტაკლებს. ასე, რომ ამ პერიოდში მთლიანად იმერეთის მასშტაბით იქნება თეატრალური ზეიმი” - ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში.
იმერეთის თეატრალური ფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რეჟისორები და მსახიობები პუბლიკის წინაშე წარადგენენ: კომედიურ, ტრაგედიულ, დრამატულ, ტრაგიკომიკურ და სხვა ხასიათის სპექტაკლებს. ,,თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში 12 ივნისიდან 26 ივნისამდე 17 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას ექნება საშუალება უსასყიდლოდ დაესწროს წარმოდგენებს და ეზიაროს თეატრალურ ხელოვნებას.
ფესტივალის ორგანიზატორებმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საერთაშორისო ფესტივალის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით ,, ქართული თეატრის ქომაგი” დააჯილდოვეს. საერთაშორისო ფესტივალმა წელს მე-15 სეზონი გახსნა.