ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს. ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრიც ადასტურებს.ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გამყრელიძესთან შეხვედრა გუშინ შედგა, მის მოვალეობას კი დროებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.
"გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზსს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“,- აღნიშნავს მინისტრი.